ბაირონის ქართულ ენაზე თარგმნის ტენდენციები XIX საუკუნის 60-90-იან წლებში

ავტორები

  • თინათინ სიხარულიძე

ანოტაცია

ამა თუ იმ ერის კულტურული ცხოვრების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია თარგმნილი ლიტერატურა, რომელიც მედიატორის ფუნქციას ასრულებს ინტერკულტურულ ურთიერთობებში, ხელს უწყობს როგორც სათარგმნი ლიტერატურის პოპულარიზაციას უცხოურ ენაზე, ისე ეროვნული ლიტერატურის გამდიდრება-განვითარებას. ამ თვალსაზრისით, ჩვენი ყურადღება მახვილდება ცნობილი ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის, ჯორჯ გორდონ ბაირონის ქართულ ენაზე თარგმანებზე XIX საუკუნეში. ეს პროცესი წარიმართა თავდაპირველად, ჯერ კიდევ ბაირონის სიცოცხლეშივე, მისი პოპულარიზაციით საქართველოში და თარგმანებით შუალედური ენის (რუსული, ფრანგული) მეშვეობით (ს. ალექსი-მესხიშვილი, მ. თუმანიშვილი). რუსულ კულტურულ სივრცეში ბაირონის თარგმანები ჩნდება 1822 წელს სხვადასხვა პრესის ორგანოებსა (Вестник Европы,Новости литературы, Библиотека для чтения, и др.) და ნ. გერბელის ტომებში ლორდი ბაირონის თხზულებანი რუსი პოეტების თარგმანებში.

ამ პერიოდისათვის „თერგდალეულებმა“ დღის წესრიგში დააყენეს ორი საკითხი: რა ვთარგმნოთ და როგორ ვთარგმნოთ? ილია ჭავჭავაძე თავის კრიტიკულ წერილში „ორიოდე სიტყვა...“ აკრიტიკებს რა რუს პოეტს, ივანე კოზლოვს, აყენებს იმ თარგმანის აუცილებლობას, რომელიც უცხო ენაზეც ისე აჟღერდება, როგორც ორიგინალში. ილია ჭავჭავაძე თვითონ თარგმნის ბაირონის რამდენიმე ლექსს ებრაული მელოდიებიდან, რასაც მოჰყვება ებრაული მელოდიების ნაწყვეტების აკაკი წერეთლის თარგმანიც. შემდგომ, განსაკუთრებით XIX საუკუნის 60-იანი წლებიდან, ბაირონის შემოქმედება ითარგმნება და ქვეყნდება ქართულ ენაზე (ი. ბაქრაძე, ა. ფურცელაძე, ნ. ლომოური და სხვ.). აღნიშნულ საკითხზე ბაირონის თარგმანების შეფასება განხილული აქვთ მკვლევარებს: მ. კუჭუხიძეს, გ. გაჩეჩილაძესა და ი. მერაბიშვილს. ჩვენი ყურადღება კი ძირითადად მახვილდება ი. ბაქრაძის მთარგმნელობით ღვაწლზე. მიუხედავად იმისა, რომ მისი თარგმანები პირველწყარო ტექსტიდან არ იყო შესრულებული და ნაკლები მხატვრულობით გამოირჩეოდა, მან მაინც უზარმაზარი როლი ითამაშა XIX საუკუნის ბოლომდე ბაირონის შემოქმედების პოპულარიზაციის საქმეში საქართველოში.

ავტორის ბიოგრაფია

თინათინ სიხარულიძე

დოქტორანტი თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2022-04-19

როგორ უნდა ციტირება

სიხარულიძე თ. (2022). ბაირონის ქართულ ენაზე თარგმნის ტენდენციები XIX საუკუნის 60-90-იან წლებში. Etudes Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 588–599. Retrieved from https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/589

გამოცემა

სექცია

სტატიები