ეპითეტების თარგმნისათვის ანტიკური ეპიკური პოეზიიდან

ჰომეროსი, აპოლონიოსი, ვერგილიუსი

Auteurs

  • ნათია არველაძე

Résumé

რამდენადაც ანტიკური ეპიკური პოეზიის ძირითად საიდენტიფიკაციო ნიშანს ექსპრესიულობა წარმოადგენს, სტილისტური ხერხები და განსაკუთრებით ეპითეტი მისი წამყვანი მხატვრული ელემენტია. საკვლევ ავტორთა შემოქმედებაში ეპითეტი ძირითადი ლექსიკურ-გრამატიკული ერთეულია, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს მკითხველის რეალისტურ აღქმას და ახდენს სიტუაციის ინტენსიფიკაციას. ეპითეტს ერთდროულად გააჩნია როგორც შემეცნებითი, ასევე, ესთეტიკურ-ემოციური ბუნება.

ანტიკური ეპიკური ტექსტების ქართულ ენაზე გადმოცემის დროს ეპითეტების თარგმნას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. ჰომეროსის, აპოლონიოსისა და ვერგილიუსის ტექსტების (ილიადა, ოდისეა, არგონავტიკა, ენეიდა) თარგმანებში, ეპითეტების ქართულ ენაზე გადმოცემის საკითხში რამდენიმე განსხვავებულ რეალობას ვხვდებით: ეპითეტები გადმოცემულია აბსოლუტური სიზუსტით, დაცულია როგორც კონტექსტუალური, ასევე გრამატიკული და ლექსიკური მხარეები. საილუსტრაციოდ, შეგვიძლია მოვიყვანოთ მაგალითები: φιλοκτεανώτατε — გაუმაძღარი (აგამემნონი); ἀντιθέῳ — ღმერთკაცი (ოდისევსი); δυσαυχής — ბაქია (მამაკაცები); oculus referent — თვალშეუდგამი (გოდოლები).

ერთსა და იმავე ეპითეტის გადმოსაცემად გამოყენებულია სხვადასხვა ლექსიკური ერთეული, რომელთაც აქვთ მსგავსი სემანტიკური მნიშვნელობა: κορυθαίολος — ზუჩმოელვარე / ჩაჩქანმოელვარე; θαρσαλέως — მამაცი /ვაჟკაცი / უშიშარი;

ἀριστεύς — სახელოვანი, პატივცემული; pulcherrima — ლამაზი, მშვენიერი.
ეპითეტები გადმოცემულია სემანტიკური მხარის დაცვით, მაგრამ მეტაფორულად — განსხვავებული ლექსიკური ერთეულით. ეპითეტის თარგმნისას დაცულია კონტექსტუალური და ენობრივი მახასიათებლები. აღნიშნულს ეპიკოსი ავტორები მიმართავენ შინაარსის უფრო მხატვრულად გადმოცემისა და მკითხველის ემოციური ინტენსიფიკაციის მიზნით: ὃ δ ̓ ἤϊε νυκτὶ ἐοικώς — პირღამიანი (აპოლონი); στυγερός — თავზარდამცემი სახით და ღონით (ჰერაკლე); scelerus — უპატიოსნო (დიომედე); ingens — ცად მიმსწრაფი (კედლები).

ეპითეტები გადმოცემულია მეტაფორულად, განსხვავებული ლექსიკური ერთეულით, რომელიც მართალია შეესაბამება კონტექსტს, მაგრამ სემანტიკურად იმდენად განსხვავდება ორიგინალისგან, რომ შესაძლოა მკითხველმა მოახდინოს მისი განსხვავებულად აღქმა: ἀθανάτοιο — სურნელოვანი (თმები); νηλής — ველური (ჰერაკლე); ἀταρτηρός — ჭკუადამთხვეული (მენტორი); semivir — საჭურისი (ენეასი); socius — კეთილი სიტყვა; urbs — ბედკეთილი და მეომარი, სიუხვით სავსე (კართაგენი).

ეპითეტები სრულიად განსხვავებულია ორიგინალი ტექსტისაგან. ეპითეტები თარგმნილია სრულიად განსხვავებულად: ὕβρις — კუშტი (ჰერაკლე); obnixi — გალესილი ან ჩამატებულია მთარგმნელის მიერ: ბედისწერის გარდუვალი საქმე; უღმერთო (სასიძოები); მშობელი მამის მკვლელი (ეგისთე) — ეპითეტი ავტორს ჩამატებული აქვს კონტექსტის მიხედვით, თუმცა ორიგინალ ტექსტში ამგვარი ეპითეტი არ ფიქსირდება (δολόμητιν, ὅ οἱ πατέρα κλυτὸν ἔκτα).

ანტიკურ ეპიკურ პოეზიაში ეპითეტების თარგმნისას ამგვარ ლექსიკურ ვარირებას სამი ძირითადი მიზეზი აქვს: სამიზნე ენაში არ მოიპოვება ლექსიკური ერთეული, რომელიც თვითმყოფადია ორიგინალ ტექსტში გამოყენებული აღმწერის გადმოსაცემად; ავტორი იძულებულია კონტექსტისა თუ სიტუაციის შესაბამისად შეცვალოს ეპითეტი იმ მიზნით, რომ ის აღქმადი გახდეს სათარგმნ ენაზე მკითხველი სუბიექტებისთვის; ავტორს სურს, ტექსტს მხატვრული მრავალფეროვნება შემატოს.

Biographie de l'auteur

ნათია არველაძე

დოქტორანტი, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი ქუთაისი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

არველაძე ნ. (2022). ეპითეტების თარგმნისათვის ანტიკური ეპიკური პოეზიიდან: ჰომეროსი, აპოლონიოსი, ვერგილიუსი. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 98–111. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/553

Numéro

Rubrique

Des articles