ზოგი სახის სტილური შეუსაბამობა ნათარგმნ ტექსტებში
Résumé
თარგმნისას ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი სტილური პრობლემებია. სტილისტიკა ენობრივ შემოქმედებასთან დაკავშირებულ პრობლემათა ფართო სპექტრს მოიცავს − სიტყვათა თანამიმდევრობით დაწყებული, სპეციალური გამომსახველობითი საშუალებებით დამთავრებული. ტექსტის სრულქმნისა და დახვეწის საქმეში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ქართული ენისათვის ბუნებრივ სიტყვათშეხამებასა თუ სტილისტურად და აზრობრივად სწორად შერჩეულ ფორმებს. ამასთანავე, თარგმანი ემყარება ენის შემოქმედებით ბუნებას, გასათვალისწინებელია ენობრივი კულტურა, მშობლიური სიტყვათშეხამებანი, მათი მართებულად გამოყენება, მყარი გამოთქმების სპეციფიკა და განსხვავებულ ენობრივ კულტურაში მათი გააზრების საკითხი. სიტყვას სალიტერატურო ენაში ამ ენის განვითარების განსაზღვრულ ეტაპზე სრულიად გარკვეული მნიშვნელობა აქვს. არ შეიძლება, რომელიმე სიტყვა ნებისმიერ სხვა სიტყვას დავუკავშიროთ. ყოველ სიტყვას ამავე დროს აქვს თავისი მყარი ადგილი ტრადიციულ სიტყვათშეხამებაში. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, ისინი ენისათვის ბუნებრივი ფორმებით იყოს შედგენილი.
ყურადღებას გავამახვილებთ ნათარგმნ ნაწარმოებებში ზოგი სახის სტილურ შეუსაბამობაზე. მაგალითად, „ყინულივით ცივად მიუგო ჟანომ“. ქართულისათვის ბუნებრივია გამოთქმა ყინულივით ცივი ხმით უთხრა, ან ცივად მიუგო. ენისათვის ხელოვნური და უმართებულია ყინულივით ცივად უთხრა. ან კიდევ: „ამას თავს ვერ დავაღწევ, ბუნების ირონიაა.“ ქართულისათვის ბუნებრივი სიტყვათშეხამებაა ბედის ირონია და არა ბუნების ირონია. „ეს უფრო მაღალი დონის განსაცდელისაგან დამიცავს“ − ზედსართავი სახელი მაღალი გამოიყენება გადატანითი მნიშვნელობითაც − ისეთი განყენებული სახელების მსაზღვრელად, როგორებიცაა შეგნება, იდეალი, დონე, ხარისხი (რომელთა აწევა, მომატება, ამაღლება შესაძლებელია), მაგრამ ამავდროულად უმართებულოდ ჩნდება ისეთ შემთხვევებშიც, როცა მოჭარბებული ექსპრესიისათვის, სახელის მეტისმეტი სიდიდის, სიუხვის საჩვენებლად იყენებენ, რაც არაბურებრივია ქართულისათვის. სწორედ ასე ჩანს მიღებული არასწორი შესიტყვება მაღალი დონის განსაცდელი (მართებულია − დიდი განსაცდელი). „ეს ყველაფერი უკეთ ხერხდება სრულიად უაზრო კითხვის მიცემით, თორემ ერთი საათი კიდევ ილაქლაქებდით“ − სიტყვათშეხამებაა კითხვის დასმა და არა კითხვის მიცემა... ცხადია, თარგმანისას ამგვარი სტილური შეუსაბამობანი ენას გამომსახველობით ბუნებრიობას უკარგავს.