ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების თარგმანთა კონტექსტები, რუსული დისკურსი
Résumé
წინამდებარე სტატია ეძღვნება ისეთ რთულ საკითხს, როგორიცაა კულტურულ-ისტორიული კონცეპტის ადეკვატური გადმოცემის პრობლემა თარგმანში. მიუხედავად იმისა, რომ ჰაგიოგრაფიული ლიტერატურა, ზოგადად, სავსეა ტოპოსებით და რუსული ენაც თითქოსდა „დამუშავებულია“ მართლმადიდებლურ-ღვთისმეტყველური კონცეფციების გადმოცემის კუთხით, ქართული ჰაგიოგრაფიული თხზულებების რუსულ თარგმანებში იძებნება სერიოზული ხარვეზები. ჩვენი მოსაზრებით, ეს რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული: 1. შეგნებულად დაშვებული შეცდომა; 2. საკითხის შესწავლის არასათანადო მეცნიერული დონე; 3. კონტექსტის პრობლემა ძველ ქართულში და მისი ვერ გაგება მშობლიურ ენაზე; 4. მთარგმნელის არაკომპეტენტურობა.
შესაძლოა, ნიკოლოზ მარის მიერ აღმოჩენილ, გამოცემულ და რუსულ ენაზე თარგმნილ „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების“ ერთი ეპიზოდისთვის ყურადღება აქამდის არავის მიუქცევია, მაგრამ მის მიერ შემოთავაზებული რუსული თარგმანის ეს ადგილი, კერძოდ, ხანძთის მონასტრის ტიპიკონის ნაწილი, ეჭვქვეშ აყენებს ტაო-კლარჯეთის მონასტრების ქალკედონური ორიენტაციის პრობლემას და მონასტრული ყოფისათვის ისეთისერიოზული საკითხის არაქალკედონურ რეგლამენტაციას, როგორიცაა მარხვა.