ანტონ ჩეხოვის ბოლო პიესის ქართული თარგმანები

Auteurs

  • თამარ გოგოლაძე
  • ნინო მინდიაშვილი

Résumé

XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან ქართული ინტელექტუალური საზოგადოება ახალი გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, სულ უფრო აქტიურად განიხილებოდა საკითხი, მშობლიურ ენაზე ეხილათ რაც შეიძლება ბევრი უცხოური ნაწარმოები. ინტერესი იმდენად დიდი იყო, რომ რაიმე მთარგმნელობითი პრინციპების გათვალისწინება აზრს კარგავდა. თუმცა, აღსანიშნავია ის მნიშვნელოვანი გარემოება, რომ სწორედ ამავე პერიოდიდან ქართულ სამეცნიერო დისკურსში აქტიურად განიხილება მთარგმნელობითი პრინციპების დადგენის აუცილებლობა. ამიტომ პოპულარული ხდება გადმოკეთების პრინციპიც, როგორც უცხოურინაწარმოების მეტი მისაწვდომობისა. უკვე 1900-იანი წლებიდან ქართული თეატრის მესვეურების წინაშე დგება გადმოკეთების უარყოფისა და ხარისხიანი თარგმანის საკითხი, მეტიც, მწიფდება აზრი, ყურადღება გამახვილდეს კარგ თარგმანზე. წინამდებარე სტატიაში ჩვენი ინტერესის საგანია ანტონ ჩეხოვის ბოლო პიესის, ალუბლის ბაღის, ქართული თარგმანები და მათი გავლენა ქართულ მთარგმნელობით და თეატრალურ პროფესიებზე. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პიესის შექმნას მყისიერად მოყვა პირველი ქართული თარგმანი, რომელიც ეკუთვნის სოფიო ციციშვილს (1905), ხოლო 1909 წელს ივანე ბარველმა გადმოაკეთა პიესა რუსულიდან და უწოდა სალხინო. რაც შეეხება პროზაიკოსის, დრამატურგისა და რეჟისორის შალვა დადიანისეულ თარგმანს, რომელიც 1954 წელს „ხელოვნებამ“ გამოსცა, 1962 წელს გამოვიდა ანტონ ჩეხოვის თხზულებათა მესამე ტომი, რომელშიც შესულია ალუბლის ბაღის დადიანისეული თარგმანი, მასალის შესწავლა გვაფიქრებინებს, რომ დადიანს არ გაუთვალისწინებია სოფიო ციციშვილის თარგმანი. 1982 წელს ჟურნალ „საბჭოთა ხელოვნებაში“ იბეჭდება ალუბლის ბაღის კიდევ ერთი თარგმანი, რომელიც ეკუთვნის მიხეილ ქვლივიძეს. სწორედ ეს თარგმანი შედის „ქართველ თეატრალურ მოღვაწეთა გაერთიანების“ ეგიდით გამოცემულ ანტონ ჩეხოვის პიესების კრებულში (1990). ვვარაუდობთ, რომ მიხეილ ქვლივიძემ ისარგებლა იმავე ტექსტით (ოცტომეული 1944-1951), რომლითაც შალვა დადიანმა. რაც შეეხება მანანა ანთაძის თარგმანს, იგი საგანგებოდ შესრულდა კინომსახიობთა თეატრის დადგმისთვის 2004 წელს, ხოლო 2014 წელს გამოიცა გამომცემლობა „კენტავრის“ მიერ.

კვლევამ ცხადყო, რომ ოთხივე თარგმანი მეტად სპეციფიკურია. აღსანიშნავია, რომ ყველა ტექსტი სცენისთვისაა განკუთვნილი, თემის აქტუალობას განაპირობებს ის გარემოება, რომ მათ ღირსება-ნაკლოვანებაზე სამეცნიერო დისკურსში მსჯელობა თითქმის არ ყოფილა. თუმცა ცალსახაა, რომ ანტონ ჩეხოვის ალუბლის ბაღი იმ პოპულარულ ქმნილებათა შორისაა, რომლებმაც განსაკუთრებული ადგილი დაიმკვიდრეს ქართულ მთარგმნელობითსა და თეატრალურ სივრცეში.

Bibliographies de l'auteur

თამარ გოგოლაძე

პროფესორი გორის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ნინო მინდიაშვილი

ასოცირებული პროფესორი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

გოგოლაძე თ., & მინდიაშვილი ნ. (2022). ანტონ ჩეხოვის ბოლო პიესის ქართული თარგმანები. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 562–573. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/587

Numéro

Rubrique

Des articles