თეოფანე კესარია-კაპადუკიელის სწავლანის ეფთვიმე ათონელისეული თარგმანი
Résumé
კესარია-კაპადუკიის მთავარეპისკოპოს თეოფანეს სწავლანი დაცულია კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში.
მონაცემები თხზულების ავტორის შესახებ თითქმის არ მოგვეპოვება და რაც ვიცით, ყველაფერი მისი ნაშრომიდანაა ცნობილი. ბერძნულში არ იძებნება სწავლანის ორიგინალი, ამდენად, თარგმანს დედნის ფუნქცია ენიჭება.
ორიგინალის გარეშე თარგმანის ხარისხის სრულად შეფასება ვერ ხერხდება. ასეთ დროს საუბარი შესაძლებელია მხოლოდ ნათარგმნ ტექსტზე, თუ რამდენად კარგად არის ის გადმოქართულებული. განსაკუთრებულია და გადამწყვეტიც კი მთარგმნელის პროფესიონალიზმი და მხატვრული გემოვნება, რაც უტყუარად აისახება თარგმანში, განურჩევლად იმისა, რა სფეროს განეკუთვნება სათარგმნი მასალა. რაც უფრო მრავალმხრივი და დახელოვნებულია მთარგმნელი, მით მეტია გარანტია, რომ დედანი მკითხველამდე ნაკლები „დანაკარგით“ მივა. ჩვენს შემთხვევაში ასეთი ვარიანტი თავად ეფთვიმე ათონელია.
არსებობს საინტერესო ტენდენცია – მთარგმნელი ხშირად მიმართავს მის მშობლიურ ენაში არსებულ ნათარგმნი ან ორიგინალური თხზულებებიდან ციტირებას და მოიხმობს მხოლოდ მისი ენისთვის დამახასიათებელ ხატოვან სიტყვათქმებს, ანდაზებს, იდიომებსა თუ გამოსახვის სხვა მხატვრულ საშუალებებს, რითაც იგი ნათარგმნ თხზულებას შეძლებისდაგვარად აახლოვებს მშობლიურ ენასთან. ამის გათვალისწინებით კი შესაძლოა მთარგმნელის წარმოშობა, მისი საცხოვრებელი გარემო და არეალი დადგინდეს.