პოეტური ტექსტების ქართულად თარგმნის სირთულეები და თავისებურებანი
ვერგილიუსის ბუკოლიკური პოეზია
Résumé
ცნობილია, რომ თარგმანი მეტად დიდ ენერგიასა და შრომას მოითხოვს, როცა გინდა, რომ დედნის ინტონაცია, განწყობა, უმთავრესი სათქმელი სრულყოფილად იყოს გამოხატული და ქართულად ეს ყოველივე ბუნებრივად ჟღერდეს. ამასთან, პოეზიის თარგმნა კიდევ უფრო რთული საქმეა და გაცილებით მეტ ძალისხმევას საჭიროებს, მით უფრო, თუკი სათარგმნ მასალად წინ მკვდარი ენები გიდევს – ტექსტები ძველბერძნული და რომაული ლიტერატურიდან. ისიც გავიხსენოთ, რომ ანტიკური პოეზია რითმას არ ცნობს,რიტმს კი ამ ენათა პოეზიაში ქმნის გრძელი და მოკლე ხმოვნების შემცველ მარცვალთა კანონზომიერი თანმიმდევრობა, ანუ მათი ოდენობა (კვანტიტეტი); ამდენად, მათი ლექსთწყობა მეტრული, ანდა კვანტიტეტურია. ამიტომაც ძირშივე მეტად საჭოჭმანოა ბერძნულ-რომაულ საზომთა ქართულ ენაზე გადმოტანა. ქართული ლექსწყობა ხომ კვანტიტეტურისგან სრულიად განსხვავდება, იგი კვალიტეტურია, ანუ აქ ლექსის რიტმულობის საფუძველს ან მარცვალთა თანაბარი რაოდენობა ქმნის (სილაბური ლექსწყობა), ანდა მახვილიან და უმახვილო მარცვალთა კანონზომიერი თანმიმდევრობა (სილაბურ-ტონური ლექსწყობა); მოკლედ, რომელსაც უნდა მივაკუთვნოთ ქართული ლექსი, იგი მკვეთრად განსხვავდება ანტიკური ლექსწყობისგან, ამიტომ ამ საზომთა ქართულ ენაზე გადმოტანა გარკვეულ პირობითობას ემყარება.
ამას გარდა, რადგან ბუკოლიკური ლექსები დაქტილური ჰეგზამეტრით არის გამართული, მათი თარგმნისას სირთულეს ქმნის აგრეთვე ქართულში დაქტილური ჰეგზამეტრის შესატყვისი სალექსო საზომის არარსებობა. ხელოვნური საზომები ძირითადად ვერ ამართლებს, „თოთხმეტმარცვლოვანი ბესიკური“, რომელიც თარგმანში ყველაზე ხშირად გამოიყენება, ამ შემთხვევაში ინტონაციურად შეუსაბამოა, სულ სხვა ჟანრული ინერცია ახლავს.
მაგრამ ვერსიფიკაციური სირთულეების გარდა, დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ ვერგილიუსის ღირსებათა დიდი ნაწილი, რაც ენობრივ ძალასა და სილამაზეშია გამოხატული, თარგმანს უსხლტება და მისსავე ლათინურში რჩება. ცხადია, სოფელი, სოფლური შრომისა და გართობის განწყობილებანი ვერგილიუსისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვანია ლექსის გარეგნული ბრწყინვალება: მთავარია, სტრიქონი მაქსიმალურად აივსოს ენერგიით, მთავარია სიტყვების ერთმნანეთთან კავშირი, მათი მიზიდულობა და განზიდულობა; ხოლო რა სათქმელს იტყვის – ეს უკვე მეორეხარისხოვნად ესახება. უპირველესად, იგი ენობრივ სილამაზეზეა ორიენტირებული, რისი გადმოცემაც სხვა ენაზე ძალზე რთულია.