შუა საუკუნეების ბერძნული საისტორიო მწერლობა და საქართველო

Auteurs

  • ეკა ჭყოიძე

Résumé

საისტორიო მწერლობა ბერძნული ლიტერატურის სწორედ ის დარგია, რომელმაც შუა საუკუნეებშიც განაგრძო განვითარება. ამ პერიოდის საისტორიო მწერლობა ნამდვილად არის მრავალფეროვანი და ძალიან ბევრი საყურადღებო ინფორმაციის შემცველი არა მხოლოდ საკუთრივ ბერძნულ შუა საუკუნეობრივ სივრცეზე (ანუ ბიზანტიის იმპერიაზე), არამედ მის მეზობლებზეც. ამ პერიოდის საქართველოში აქცენტი ძირითადად სასულიერო მწერლობის ნიმუშების თარგმანზე გაკეთდა და საისტორიო მწერლობა ამ მხრივ შედარებით „დაიჩაგრა“.

XX საუკუნეში სიმონ ყაუხჩიშვილმა შეკრიბა და თარგმნა ბიზანტიური მწერლობიდან ის მონაკვეთები, რომლებიც საქართველოზე გვაწვდიდნენ ინფორმაციას და რამდენიმე ტომად გამოსცა (სერია „გეორგიკა“). ამით მან დიდი დახმარება გაუწია ქართულ ისტორიოგრაფიას და იმ პერიოდისთვის ეს მართლაც წინგადადგმული ნაბიჯი იყო. იმის გათვალისწინებით, რომ აქ თავმოყრილია მხოლოდ საქართველოზე არსებული ინფორმაცია, ეს კრებული მკითხველს ვერანაირ შთაბეჭდილებას ვერ უქმნის შუა საუკუნეების ბერძენ ისტორიკოსებზე.

ეჭვგარეშეა, რომ თანამედროვე ქართველ მკვლევარსა და მკითხველს ესაჭიროება ზოგიერთი თხზულების მთლიანად თარგმნა. ამ მხრივ განსაკუთრებით უნდა გამოვყოთ მიქაელ ფსელოსის „ქრონოგრაფია“ (XI ს.) და ანა კომნენას „ალექსიადა“ (XII ს.). მათგან პირველი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაა ზოგადად ბერძნულ სამყაროში. მას საქართველოში საკმაოდ კარგად იცნობენ როგორც მოაზროვნესა და ფილოსოფოსს. ფსელოსის, როგორც ისტორიკოსის წარმოჩენა ბევრს შესძენდა ქართულ ჰუმანიტარულ კვლევებს. ამასთანავე, პერიოდი, რომელსაც ის აღწერს (976-1077 წწ.), ყველაზე აქტიურია ბიზანტიურ-ქართულ პოლიტიკური ურთიერთობების თვალსაზრისით.

ანა კომნენა თავისთავად გამორჩეული ფიგურაა, რადგან შუა საუკუნეებში ქალი მწერლების რიცხვი ერთობ მწირია. მან თავის მამას, იმპერატორ ალექსი პირველ კომნენოსს1 (1081- 1118) უძღვნა ვრცელი ნაშრომი „ალექსიადა“. ამ მხრივაც განსაკუთრებულია, რადგან მმართველის ბიოგრაფია მისი ასულის მიერ აღწერილი, თავისთავად იშვიათი მოვლენაა. შესაბამისად, ანას ნაშრომი ბევრ ემოციურ და გულისამაჩუყებელ პასაჟს შეიცავს, რაც მას ისტორიულ მნიშვნელობასთან ერთად დიდ მხატვრულ ღირებულებასაც ანიჭებს.

Biographie de l'auteur

ეკა ჭყოიძე

ასოცირებული პროფესორი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

ჭყოიძე ე. (2022). შუა საუკუნეების ბერძნული საისტორიო მწერლობა და საქართველო. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 24–37. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/548

Numéro

Rubrique

Des articles