პოეტური ფორმულების თარგმნის საკითხისათვის ილიადის ქართული თარგმანების მიხედვით

Auteurs

  • მარინე გიორგაძე

Résumé

პოეტური ფორმულების (პოეტური ფორმულა: გამოთქმა, რომელიც რეგულარულად ერთსა და იმავე მეტრიკულ პოზიციაში გვხვდება და მნიშვნელოვან აზრს გადმოგვცემს) შესწავლის საკითხი მეცნიერებაში ე.წ. „ზეპირი პოეზიის“ (oral poetry, – მ. პერი, ა. ლორდი) თეორიის კონტექ- სტში გახდა აქტუალური და ეპოსის შექმნის ფოლკლორულ მექანიზმებსა და შესრულების ტექნიკას უკავშირდება. ზეპირსიტყვიერებას, ფოლკლო-რულ ეპოსს თავისი კანონები აქვს და პოეტური ფორმულების ფართო გამოყენებას ეყრდნობა. მთქმელს შეუძლია დაიმახსოვროს ასეულობით სტრიქონი და ზეპირად შესრულებისას, იმპროვიზაციის პროცესში მუდმივად აახლებს ტექსტს, რასაც ახერხებს სწორედ იმ ტრადიციული პოეტური ფორმულების დიდი მარაგის გამოყენებით, რომელიც დაცულია მის მეხსიერებაში.

მ. პერიმ და ა. ლორდმა, ასევე მათმა მიმდევრებმა ზეპირი პოეზიის თეორია იმის დასამტკიცებლადაც გამოიყენეს, რომ ილიადასა და ოდისეაში პოეტური ფორმულების უხვი გამოყენება პოემების ზეპირსიტყვიერ ხასიათზე მიუთითებს და არ გულისხმობს წერილობითი ტექსტის არსებობას, რაც საკამათოა.

ჰომეროსის პოემებში — ილიადა, ოდისეა — პოეტურ ფორმულებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს როგორც შინაარსის, ასევე კომპოზიციის თვალსაზრისით. ფაქტია, რომ ჰომეროსის ეპოსი შეიქმნა არქაულ ეპოქაში, როცა ფოლკლორული ტრადიცია ჯერ კიდევ ძალიან ძლიერია და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს აედებისა და რაფსოდების შემოქმედებაზე. შედეგად, პოეტური ფორმულების, პოეტური კლიშეების, ხშირად განმეორებადი სტრიქონების ხვედრითი წილი ჰომეროსის პოემებში მართლაც თვალშისაცემია.

საინტერესო საკითხია, თუ როგორ გადმოსცეს ქართველმა მთარგმნელებმა თავის თარგმანებში ტრადიციული ფორმულების ენა, რამდენად ითვალისწინებს მათი თარგმანები ფონურ ცოდნას აღნიშნული მეცნიერული თეორიების კონტექსტში. ვფიქრობთ, ამ თვალსაზრისით ჰომეროსის ილიადის ქართული თარგმანების (პოეტური, პროზაული) განხილვა, კიდევ ერთი დამატებითი ინსტრუმენტია თარგმანის ხარისხისა და მთარგმნელის კვალიფიციურობის დასადასტურებლად.

Biographie de l'auteur

მარინე გიორგაძე

პროფესორი, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი ბათუმი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

გიორგაძე მ. (2022). პოეტური ფორმულების თარგმნის საკითხისათვის ილიადის ქართული თარგმანების მიხედვით. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 15–23. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/547

Numéro

Rubrique

Des articles