ინსბრუკის ლანგარი, როგორც შუა საუკუნეების ქართული კულტურის ენციკლოპედია

ავტორები

  • ბექა ჭიჭინაძე სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ანოტაცია

ავსტრიაში, ინსბრუკში, ფერდინანდუმის მუზეუმში დაცულია შუა საუკუნეების ხელოვნების ერთ-ერთი უნიკალური ნიმუში, მინანქრის გამოსახულებებით შემკული ლანგარი, მისი სიმაღლე ხუთი სანტიმეტრია, დიამეტრი ოცდახუთი სანტიმეტრი. მრავალფეროვან გამოსახულებებში გამოყენებულია მუქი წითელი, ყვითელი, მწვანე, ლურჯი, ფირუზისფერი, შავი და თეთრი ფერები. ლანგრის შუაგულში, წრეში, გამოსახულია ალექსანდრე მაკედონელის ამაღლების ცნობილი სიუჟეტი – ახალგაზრდა კაცს ხელებში გადაჯვარედინებული კვერთხები უჭირავს, გარს კი ორი ფასკუნჯი უდგას. ალექსანდრეს ამაღლების სცენის მომცველი წრის ირგვლივ გამოსახულია ექვსი სხვა წრე ლანგრის შიდა მხარეს, ექვსი კი ქვედა მხარეს, სადაც გვხვდება ფარშევანგებისა და ლომების გამოსახულებები. ამასთანავე, ლანგარზე მოცემულია საკმაოდ მრავალფეროვანი კომპოზიციები: არწივი ბრჭყალებში მოქცეული გველით, ფრთოსანი ცხენები, მოჭიდავეები, მოცეკვავეები და აკრობატები, მეჩონგურეები, ფლეიტაზე დამკვრელები, ჩიტები და სიცოცხლის ხეები.

მკვლევართა აზრით, ლანგარი საქართველოდან ძღვნის სახით უნდა ჰქონდეს მიღებული ერთ-ერთ ართუკიდ მმართველს, ჰისნ ქაიფას მფლობელ ამირ დაუდს (1114-1142). ყურადსაღებია, რომ ლანგრის მრავალი გამოსახულება მეორდება ამ ეპოქის ქართული ხელოვნების სხვადასხვა ძეგლებზე.

შუა საუკუნეებში მინანქრის ნაკეთობებს ძალიან მაღალი ფასი ჰქონდათ. ჩანს, სწორედ ამიტომ მიიჩნიეს ის საქართველოში შესაფერის სამეფო ძღვნად. ქართული მატიანეები ძალზედ დიდ ყურადღებას უთმობენ სამეფო ძღვენს და მეფისათვის აუცილებელ თვისებებს შორის ღირსეული ძღვნის შერჩევის უნარს განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ, სწორედ ამ ტრადიციის ფარგლებში თავსდება ინსბრუკის ლანგარიც, როგორც ქართველი ხელისუფლისაგან ძღვნად შერჩეული შუა საუკუნეების ხელოვნების დიდებული ძეგლი, სადაც ამ ეპოქის საერო სულისკვეთების ამსახველი მრავალი გამოსახულებაა დატანილი, რომელიც საეკლესიო ხელოვნების ნიმუშებისგან განსხვავებით კონფესიური ნიშნით შეზღუდული არაა, ამიტომაც მისი წყაროთმცოდნეობითი ღირებულება „ოქროს ხანის“ ქართული კულტურის შესასწავლად მეტად მაღალია.

ავტორის ბიოგრაფია

ბექა ჭიჭინაძე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ისტორიის ბაკალავრი, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-11

გამოცემა

სექცია

სტატიები