ბებელი — სოციალ-დემოკრატია და ტერორი

ავტორები

  • სერგო რატიანი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ანოტაცია

მოცემულ სტატიაში ჩვენი ინტერესის საგანს წარმოადგენდა ილია ჭავჭავაძის ბიბლიოთეკაში ნაპოვნი ავგუსტ ბებელის წიგნი „თავდასხმა მკვლელობის მიზნით და სოციალ-დემოკრატია“. ეს ავტორი ორი თვალსაზრისით არის ჩვენთვის საინტერესო. პირველი, ნოე ჟორდანიასთან პოლემიკის წინ ილია ამუშავებს საკმაოდ დიდ ლიტერატურას. მათ შორის, სოციალისტური მოძრაობის ლიდერებსა და კლასიკოსებს (ლასალს, კაუცკის, ბერნშტაინის, ვანდერველდეს) ნაშრომებს. ბებელის საჯარო გამოსვლის ტექსტი, რომელმაც ილიას ყურადღება მიიპყრო, გამოცემულია 1905 წელს, ილიას მკვლელობამდე ორი წლით ადრე და მისი სათაური ისე ჟღერს, როგორც ილიაზე თავდასხმის შესახებ შესაძლო სტა- ტიის სათაური.

ჩვენთვის საინტერესო იყო განგვეხილა ის ისტორიული კონტექსტი, როდესაც ილია ეცნობა გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერის მოსაზრებებს. ბებელი ასაბუთებს, რომ ტერორი სოციალ-დემოკრატებისთვის მიუღებელი და საზიანოა. სრულიად სხვა მიმართულებით ვითარდება სოციალ-დემოკრატიული მოძრაობა რუსეთის იმპერიაში და კერძოდ, საქართველოში. 1905-1907 წლებში ქართველი სოციალ-დემოკრატების ორივე ფრთისთვის ტერორი, ბრძოლის ერთ-ერთ მისაღებ ფორმად ითვლებოდა. თუმცა, 1906 წლის ბოლოდან, 1905 წლის რევოლუციის წარუმატებლობის ფონზე, მენშევიკები ცდილობენ შეცვალონ სტრატეგია, უარს აცხადებენ მარქსიზმის სწავლების ფუნდამენტურ პრინციპებზე და მათი პოლიტიკა უახლოვდება გერმანელი სოციალ-დემოკრატების მიდგომებს.

აღსანიშნავია და საინტერესოა, რომ ილიამ გერმანელი სოციალ-დემოკრატების დამფუძნებლების შრომების გაცნობის საფუძველზე გაცილებით ადრე დაინახა რუსული სოციალისტური მოძრაობისგან განსხვავებული გზის პერსპექტივა, ვიდრე ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა.

ჩვენთვის საინტერესო იყო განგვეხილა იმ პოლიტიკური გარემოს იდეური საფუძვლები, რომელმაც მოამზადა ილიას მკვლელობის „ნიადაგი“, ხოლო შემდგომ შეცვალა ქართველი სოციალ-დემოკრატების სტრატეგია.

ბოლო დრომდე ილიასა და ქართველ სოციალ-დემოკრატებს შორის დამოკიდებულებას მხოლოდ დაპირისპირების კონტექსტში განიხილავდნენ. სტივენ ფ. ჯონსმა აჩვენა, რომ ქართველი სოციალ-დემოკრატების მსოფლმხედველობის ერთ-ერთი საფუძველი ილიასა და თერგდალეულების ეროვნულ იდეებში უნდა ვეძებოთ.

მოცემულ სტატიაში ჩვენ შევეცადეთ გვეჩვენებინა, რომ მიუხედავად მწვავე დაპირისპირებისა, ილიასა და ქართველ სოციალ-დემოკრატებს შორის არსებობდა სხვა შეხების წერტილებიც. ეს იყო ევროპელი სოციალ-დემოკრატების რეფორმისტული, ლიბერალური იდეები. მათ შორის ავგუსტ ბებელის შეხედულებები.

ამ საფუძვლებმა განსაზღვრა ის გარემოება, რომ რაც არ უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, ნოე ჟორდანია და შესაბამისად, ქართველი სოციალ-დემოკრატები 1906 წლის შემდეგ, მიუხედავად ადრე არსებული მწვავე დაპირისპირებისა, მთელ რიგ საკითხებში დაუახლოვდნენ ილიას იდეებს და შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული თვალსაზრისით, გახდნენ მის მემკვიდრეები.

ავტორის ბიოგრაფია

სერგო რატიანი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

პროფესორი

ჩამოტვირთვები

გამოქვეყნებული

2023-05-11

გამოცემა

სექცია

სტატიები