მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების პრობლემები

Authors

  • ნანა დაბრუნდაშვილი
  • მეგი ბულია
  • მეგი ასათაშვილი
  • მედეა ალადოშვილი
  • სოფი ხაჩიძე
  • დაჩი პაპოშვილი

Abstract

ნანა დაბრუნდაშვილი, მეგი ბულია, მედეა ალადოშვილი, სოფი ხაჩიძე,   მეგი ასათაშვილი, დაჩი პაპოშვილი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

შესავალი: საქართველოში სპეციალური სკოლები გადაკეთდნენ საჯარო სკოლებად, რამაც დადებით შედეგებთან ერთად გარკვეული სირთულეებიც განაპირობა. დღეს ფართოდ ინერგება ინკლუზიური განათლება. კვლევის მიზანია მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების სოციალური პრობლემების შესწავლა. მეთოდოლოგია: თვისობრივი კვლევის ფარგლებში ჩატარდა ფოკუს ჯგუფის ინტერვიუ მხედველობის დარღვევის მქონე V-XII კლასის მოსწავლეებში ნახევრად სტრუქტურიზებული კითხვარის მეშვეობით. შედეგები, დისკუსია: საცხოვრებელი ადგილიდან სკოლის დაშორების გამო ზოგი მოსწავლე მოწყვეტილია ოჯახურ გარემოში ცხოვრებას. მოსწავლეებს ოჯახის წევრებთან, პედაგოგ-აღმზრდელებთან და თანატოლებთან აქვთ პოზიტიური ურთიერთობა. ზოგი მოსწავლე საზოგადოებისგან გრძნობენ სრულიად უადგილო და გადამეტებულ ყურადღებას, რაც სათანადო, რელევანტური ინფორმაციის ნაკლებობითაა გამოწვეული. ზოგჯერ მშობლებს საკუთარი შვილების დისკრიმინაციის შიშით სკოლებში არ მიჰყავთ ისინი. ზოგი მოსწავლე დისკომფორტს განიცდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების გარკვეული ნაწილის მიმართ, რომლებიც ხშირად განაპირობებენ ხმაურს გაკვეთილის მიმდინარეობისას. ზოგიერთმა მოსწავლემ გამოთქვა სკოლის ტექნიკურად, კერძოდ, „ბრაელერების“ მეტი რაოდენობით აღჭურვის სურვილი. რეკომენდაციები: მიზანშეწონილია საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა მაქსიმალურად ჩართვა შეძლებისდაგვარად საზოგადოებრივ აქტივობებში, ასეთ მოსწავლეებს ყველა რეგიონში უნდა ჰქონდეთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის სკოლებში მათთვის მაქსიმალურად კომფორტული ინფრასტრუქტურის და გარემოს ხელშეწყობა.

 

Problems of students with blindness and low vision

Nana Dabrundashvili, Megi Bulia, Medeia Aladoshvili, Sophie Khachidze, Megi Asatashvili, Dachi Paposhvili - Ivane Javakhishvili Tbilisi State University, Faculty of Social and Political Sciences.

Introduction: In Georgia special schools have reconstructed into public schools. It made both positive and negative results. Nowadays inclusive education becomes wider over the country. The main goal of the research is to study the social problems of blind and low vision pupils. Methods: Across qualitative research carried out interview of focus-group. Pupils of V-XII grade with visual problems took participation in this research. They have answered the questionnaire consisting of premeditated questions. Results, Discussion: Because of large distance between school and home some pupils are separated from family life. Pupils have positive relationship with family members, teachers and schoolmates. Some pupils feel over-attention from society which is provoked because of shortage of  relevant information. Sometimes parents have fear of discrimination and they don't bring their children to schools. Some pupils with blindness feel discomfort with specific group of limited possibility owner persons. They often made a noise during the lesson. Most of the students want more equipped schools, they need more "Braillers". Recommendations: It is advisable to increase level of relevant information between society, include participation of blind and low vision pupils in social activities. These pupils living in regions must have accessibility on education. Also it is important for them to have more comfortable environment and schools equipped with important things.


შესავალი

მხედევლობითი სისტემა ადამიანის მიერ გარე სამყაროს აღქმის ერთ-ერთი საშუალებაა. მხედველობით სისტემას აქვს ფუნქციები, რომლის მეშვეობით ხდება სრულფასოვანი ხედვა. ამ ფუნქციათა დარღვევის ან დაკარგვის შედეგად ვიარდება მხედველობის დეფიციტი. მხედველობის დაქვეითება შეიძლება მოიცავდეს მდგომარეობას სუსტ მხედველობასა და სრულიად უსინათლობას შორის. ერთმანეთისაგან განსხვავდება მხედველობის თანდაყოლილი და შეძენილი დაქვეითებები [1].

მხედველობის დაქვეითების მქონე ადამიანები ყოველდღიურ ცხოვრებაში და სხვადასხვა სახის აქტივობაში შეიძლება შემდეგ სირთულეებს განიცდიდნენ [1]:

  • გადაადგილების (მობილობის) სირთულე;
  • ორიენტაციის სირთულე;
  • ტრანსპორტირების სირთულე;
  • სირთულეები ადამიანების ცნობისას;
  • სირთულეები მოტორული დავალებების გაგებისას;
  • სირთულეები საგანმანათლებლო და შრომით პროცესებში ინტეგრაციისას.

მხედველობის დაქვეითების მქონე ადამიანები სასკოლო აქტივობების განხორციელებისას შეიძლება შემდეგ სირთულეებს განიცდიდნენ [1]:

  • კითხვის სირთულეები კლასში;
  • თეთრ დაფასთან მუშაობის სირთულე: მოსწავლეებს უჭირთ მასზე დაწერილი ტექსტის ზუსტად ამოკითხვა ან სრულიად ვერ კითხულობენ;
  • წიგნში წარმოდგენილ ვიზუალურ მასალასთან მუშაობის სირთულე. მხედველობა დაქვეითებულ მოსწავლეებს უჭირთ ილუსტრაციების გარჩევა და ამის გამო ჯგუფურ მეცადინეობაში მონაწილეობა;
  • სიტყვასთან/წინადადებასთან/ტექსტთან სამუშაო დავალებები, როგორც წესი, გვერდზე განთავსებული ტექსტის ადგილმდებარეობის განსაზღვრას საჭიროებს, რისთვისაც მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ჩვეულებრივზე მეტი დრო სჭირდებათ. ამიტომ ისინი ხშირად სავარჯიშოების შესრულებას ვერ ახერხებენ;
  • ზოგჯერ მასწავლებლის მიერ მიცემული დავალება კარგ დისტანციურ მხედველობას მოითხოვს, რაც ამ კატეგორიის მოსწავლეებისთვის მიუწვდომელია;
  • მოსწავლეები ხშირად ვერ ასწრებენ მიცემული დავალების შესრულებას;
  • ვინაიდან დავალებათა უმეტესობის შესრულება მხედველობის დაქვეითების მქონე მოსწავლისთვის შეუძლებელია, გაკვეთილთა ნაწილის მიმართ ისინი დემოტივირებულები რჩებიან.

ბევრ ქვეყნებში არსებობს სპეციალური/ალტერნატიული სკოლები, მაგალითად, მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა სკოლები. მკვლევართა აზრით, სპეციალური პროფილის მქონე სკოლაში სწავლა შეიძლება მოსწავლის საუკეთესო ინტერესებში შედიოდეს; მაგალითად მაშინ, როდესაც ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში არ ხერხდება მოსწავლის სპეციფიური საჭიროების დაკმაყოფილება, სპეციალურ სკოლას შეუძლია მოწავლეს შესთავაზოს მისთვის ოპტიმალური და სპეციფიური საგანმანათლებლო გარემო [2].

საქართველოში 2006 წლამდე სპეციალურ სკოლებში განათლება ხდებოდა სპეციალური, განსხვავებული სასწავლო გეგმის მიხედვით, გამოიყენებოდა განსხვავებული (ადაპტირებული და გამარტივებული) სახელმძღვანელოები მოსწავლეებისთვის, განსხვავდებოდა იმ სავალდებულო საგნების ჩამონათვალი, რომელსაც სპეციალურ სკოლაში ასწავლიდნენ [2]. 2006 წლიდან ყველა სპეციალური სკოლა გადაკეთდა საჯარო სკოლად. თუმცა, ყველა მათგანი ინარჩუნებს სპეციალურ პროფილს და თითოეული მათგანი ემსახურება სხვადასხვა სახის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს [2]. ერთ-ერთ ასეთ სკოლას წარმოადგენს 203 სკოლა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის.

კვლევები ადასტურებენ, რომ სპეციალური სკოლების საჯარო სკოლებად გარდაქმნამ განაპირობა როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ცვლილებები. დადებითად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ რეფორმის შედეგად სკოლებს ჩამოშორდა ისეთი იარლიყი, როგორიცაა: „ბრმების სკოლა“. მშობლები კმაყოფილნი არიან, რომ მათი შვილები ”ჩვეულებრივ” საჯარო სკოლებში სწავლობენ. დადებით ცვლილებებთან ერთად რეფორმამ სპეციალური სკოლები ბევრის სირთულის წინაშე დააყენა. კერძოდ, სკოლების სპეციფიურობა არსად ფიქსირდება, რაც ართულებს დამატებითი დაფინანსების მოპოვებას სკოლისთვის [2]. გარდა ამისა,  რეფორმის შედეგად, მოსწავლეების განათლება უნდა წარიმართოს ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, რომელიც საერთოა ყველა მოსწავლისთვის. მოსწავლისთვის საკმაოდ რთულია სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამების ათვისება; სპეციალური სკოლის მოსწავლეები უმეტეს შემთხვევაში ვერ აკმაყოფილებენ ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ მინიმუმსაც კი [2].

დღეისათვის მსოფლიოში ფართოდ ინერგება ინკლუზიური განათლება, რომლის ფარგლებში ყველა მოსწავლე, არის ის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე თუ არა, სწავლობს ერთად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში. აღსანიშნავია, რომ საქართველოში მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები დიდი ხნის განმავლობაში მხოლოდ სპეციალიზირებულ სკოლებში იღებდნენ განათლებას. დღესდღეობით კი მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეები სწავლობენ საჯარო სკოლებშიც [3].

აღნიშნულიდან გამომდინარე, კვლევის მიზანს შეადგენდა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეების ფსიქოსოციალური პრობლემების შესწავლა, თუ რა სახის სირთულეებს აწყდებიან ისინი სწავლის პროცესში, როგორია საზოგადოების დამოკიდებულება.

მეთოდოლოგია

კვლევის მიზნებიდან გამომდინარე, ჩატარდა თვისობრივი ტიპის კვლევა, რომელმაც საშუალება მოგვცა გავცნობოდით კვლევის სამიზნე ჯგუფის შეხედულებებს და მოსაზრებებს თემასთან დაკავშირებით.

კვლევა ჩატარდა 202 სკოლაში მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის. კვლევისათვის გამოყენებულ იქნა ფოკუს ჯგუფის ინტერვიუ. იგი ითვალისწინებდა კვლევაში მოსწავლეების სურვილისამებრ ჩართვას. ფოკუს ჯგუფის ინტერვიუსთვის მონაწილეები შეირჩა შემთხვევითად. გამომდინარე იქიდან, რომ სკოლა არ გამოირჩევა მოსწავლეების დიდი რაოდენობით, ვერ მოხდა ფოკუს-ჯგუფის ჩატარება ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით. შედეგად, ფოკუს–ჯგუფში მონაწილეობდნენ  V-XII კლასის მოსწავლეები (სულ 11 მოსწავლე). მომზადდა ნახევრად სტრუქტურიზებული კითხვარი.

შედეგები

კვლევაში მონაწილე 11 მოსწავლით დაკომპლექტებული ჯგუფის ბავშვებიდან 8 (72.7%) შეადგენდა მდედრობითი სქესის და მხოლოდ 3 იყო მამრობითი სქესის (27.3%). ამ მოსწავლეებიდან გარკვეული რაოდენობა პირველი  კლასიდან სწავლობდა ამ სკოლაში, დანარჩენები გადმოსულები არიან ჩვეულებრივი საჯარო სკოლებიდან. მხედველობის პრობლემა 6 მათგანისთვის თანდაყოლილი ხასიათისაა (54.5%), ხოლო დანარჩენს დაბადების შემდგომ მიღებული აქვს სხვადასხვა ტიპის ტრავმა, რომლებმაც მხედველობის დაკარგვა გამოიწვია (ერთ-ერთი გოგონა იხსენებს, რომ  ჩვილობისას ექიმს გააუვარდა ხელიდან და სწორედ ამან გამოიწვია მისი უსინათლობა). 7 მათგანი არის ტოტალური უსინათლო, დანარჩენი 4 ახერხებს სილუეტების გარჩევას.

ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩართულობა:  202-ე უსინათლო ბავშვთა საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად იღებენ ფორმალურ განათლებას, იყენებენ თანამედროვე ტექნიკას, აქვთ ხელმისაწვდომობა ინტერნეტზე (კომპიუტერებსა და მობილურ ტელეფონებში). თავისუფალ დროს ერთობიან და დრო გაჰყავთ სხვადასხვა თამაშებით. აღმოჩნდა, რომ 9 მათგანი მხოლოდ შაბათ–კვირას მიდის სახლში, შესაბამისად მკვეთრად გამოიკვეთა მშობლების მონატრების სურვილი. მათი ფიქრის მთავარი საგანია ოჯახურ გარემოში ცხოვრება.

მშობლებისგან დაშორების მიზეზებია:

  • არახელსაყრელი სოციალური პირობები, საცხოვრებელ ადგილსა და სკოლას შორის მანძილის სიდიდე – 5 მათგანი არის რეგიონიდან და მუდმივად ვერ ახერხებენ მშობლები მათ წაყვანას.
  • 202–ე სკოლა კი საქართველოში ერთადერთია, სადაც მოსწავლეები უზრუნველყოფილნი არიან ბრაილის შრიფტით გამოცემული სახელმძღვანელოებით.

დასვენების დღეებში სახლში, ოჯახის წევრებთან ყოფნის დროს ბავშვები ეხმარებიან მშობლებს სხვადასხვა საოჯახო საქმიანობებში. ამ მხრივ გამოირჩევიან გოგონები, რომლებიც სიამოვნებით მონაწილეობენ ჭურჭლის რეცხვის და საჭმლის მომზადების პროცესში. რაც შეეხება ბიჭებს, მათ თავადვე აღნიშნეს, რომ ისინი თავიანთი ასაკის ბიჭებისთვის „ჩვეული“სიზარმაცით გამოირჩევიან და ნაკლებად ან თითქმის არ ეხმარებიან მშობლებს. ამ ყველაფრის ფონზე საყურადრებოა ერთ-ერთი ბიჭის ნათქვამი: „მე სულ მინდა დავეხმარო დედას, თუმცა დედა არ მაძლევს ამის საშუალებას, რადგან ეშინია, რომ წავიქცევი და რამეს დავიზიანებ“.

ურთიერთობა ოჯახის წევრებთან, სკოლაში მასწავლებლებთან, მოსწავლეებთან და გარშემომყოფებთან: მოსწავლეებს ოჯახის წევრებთან და პედაგოგ და აღმზრდელებთან აქვთ პოზიტიური ურთიერთობა. ასევე, მეგობრული და დადებითია კლასელებთან/თანატოლებთან ურთიერთობა. ისინი ცდილობენ მხარში ამოუდგნენ, გაახალისონ და თანაუგრძნონ ერთმანეთს – „ჩვენ როცა მოწყენილები ვართ, ვცდილობთ ერთმანეთის გახალისებას“ (თეა 9 წლის).

საყურადღებოა მოსწავლეების მოსაზრება საზოგადოებასთან დაკავშირებით. როგორც აღნიშნეს,  საზოგადოებისგან ისინი გრძნობენ ყურადღებას, თუმცა ნეგატიური ფორმით და ხშირად ეს ყურადღება სრულიად უადგილო და გადამეტებულია.

 „ადგილს გვითმობენ,  საცოდავო, საწყალი დედაშენი, საწყალი ინვალიდი ბავშვი, გვაკვირდებიან თითქოს ზოოპარკის ცხოველები ვიყოთ“ – თამილა 21 წლის.

ბავშვები ხშირად გრძნობენ თავს მარტო, რაც უმეტესად საზოგადოების ამგვარი დამოკიდებულების შედეგია. მიუხედავად ამისა, მოსწავლეები შემართებით აგრძელებენ ცხოვრებას და საზოგადოებას პასუხობენ შემდეგი სიტყვებით: – „სჯობს უსინათლო იყო თვალით, ვიდრე გონებით“ (ქრისტი 16 წლის).

მოსწავლეები საზოგადოების ასეთ რეაქციას ხსნიან სათანადო, რელევანტური ინფორმაციის ნაკლებობით. საზოგადოების უარყოფითი დამოკიდებულება იწვევს ბავშვების ფსიქოლოგიურ დათრგუნვას, გაღიზიანებას, ამიტომ ისინი ხშირად გულისტკივილით მიმართავენ მშობლებს, რომ  ნუ გაუზიარებენ შვილებს, თუ როგორ უყურებს საზოგადოება მათ, როდესაც ისინი ქუჩაში ან საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში გადაადგილდებიან.

„ბევრი უსინათლო ადამიანია, რომელმაც წარმატებას მიაღწია, ამიტომ ეს სულაც არ ნიშნავს, იმას რომ ჩვენ არაფერი შეგვიძლია, ეს დაბრკოლება არაა“ (გიორგი 18 წლის).

სურვილები: რესპოდენტთა აზრით, მათგან განსხვავებით, არიან  ბავშვები, რომლებიც მშობლების გადაწყვეტილები გამო, ჩაკეტილნი არიან სახლებში. მათ მშობლებს ეშინიათ სტიგმის, დისკრიმინაციის, დაცინვის. რესპოდენტების სურვილია, ასეთმა მშობლებმა  თავიანთი შვილები მიიყვანონ სკოლაში. იგი დადებითად იმოქმედებს მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებზე, რადგან მათ მიეცემათ საშუალება ისწავლონ უფრო მეტ ადამიანთან ერთად. გარდა ამისა, იგი დადებითად იმოქმედებს სკოლის მოსწავლეებზეც, რადგან ეყოლებათ ბევრი ახალი მეგობარი.

რესპოდენტების გარკვეული ნაწილი დისკომფორტს განიცდის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეების გარკვეული ნაწილის მიმართ, რომლებიც ხშირად განაპირობებენ ხმაურს გაკვეთილის მიმდინარეობისას. მათი აზრით, აღნიშნული ხელს უშლის დანარჩენებს სწავლაში, რადგან, როგორც წესი, მასწავლებლის მეტი ყურადღება მიმართულია ასეთი ბავშვებისკენ.

ზოგიერთმა მოსწავლემ გამოთქვა სკოლის ტექნიკურად, კერძოდ, „ბრაელერების“ (სპეციალური საბეჭდი მოწყობილობა მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის) მეტი რაოდენობით აღჭურვის სურვილი.

ფრაზის დასრულებისას  – თავს უფრო ბედნიერად ვიგრძნობდი, რომ...... იყო შემდეგი პასუხები:  “ვხედავდე ყველაფერს“; „ვიცხოვრო მშობლებთან ერთად სახლში“; „ჩემს რეგიონში, აფხაზეთშიც, იყოს მსგავსი სკოლა“; „არ ვეცოდებოდე საზოგადოებას“; „ყველაფერი იყოს კარგად  ჩემს ცხოვრებაში“; „შეიცვალოს საზოგადოების დამოკიდებულება“.

რეკომენდაციები

კვლევის შედეგებიდან გამომდინარე, მიზანშეწონილია:

  • საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება;
  • სკოლაში საჭირო რაოდენობის ფსიქოლოგის, ექიმისა და სოციალური მუშაკის დაქირავება;
  • მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა მაქსიმალურად ჩართვა შეძლებისდაგვარად საზოგადოებრივ აქტივობებში;
  • მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეებს ყველა რეგიონში უნდა ჰქონდეთ განათლებაზე ხელმისაწვდომობა;
  • მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთათვის სკოლებში მათთვის მაქსიმალურად კომფორტული ინფრასტრუქტურის და გარემოს ხელშეწყობა;
  • მხედველობის დარღვევის მქონე მოსწავლეთა გადაადგილებისთვის გარემოს ადაპტირება, მათ შესაძლოებლობებზე მორგება (ავტობუსების, სამარშუტო ტაქსების, შენობების).

რაც შეეხება სწავლების ტიპს, ამ სკოლის მოსწავლეებისგან განსხვავებით, ჩვენ ვემხრობით, რომ უნდა მოხდეს სწავლება ინტეგრირებული მოდელის მიხედვით, რაც წამყვანია ინკლუზიური განათლების მიწოდების საკითხში. თუმცა, აშკარაა, რომ ამის მიღწევა გარკვეულ სირთულეებს და პრობლემებს უკავშირდება, რაც საკითხის მრავალმნიშვნელობით და კომპლექსურობით აიხსნება. 


References

საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტრო (2009). ინკლუზიური განათლება, გზამკვლევი მასწავლებლებისათვის. თბილისი.

კვაჭაძე, ჟ., არავიაშვილი, მ (2009). საქრთველოს 13 სპეციალიზირებული პროფილის მქონე სკოლის სიტუაციური ანალიზი და სკოლის და მასწავლებლების საჭიროებების კვლევა. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი.

მხედევლობის დარღვევის მქონე ბავშვთა მასწავლებელთა გადამზადება. საინფორმაციო სააგენტო “prof-news”. http://www.prof-news.com/მხედევლობის-დარღვევის-მქ/ (29.10.2015)

Downloads

Published

2017-02-13