თარგმნითი ტრანსფორმაციები გამონათქვამის ლექსიკურ კომპონენტთა დონეზე ვაჟა-ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობის ინგლისურ თარგმანებში

Auteurs

  • ლელი აბაშიძე
  • დომნა კარანაძე

Résumé

წინამდებარე სტატიაში შერჩეულია ვაჟა-ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობის ორი თარგმანი, რომელთაგანაც ერთი შესრულებულია მე-20 საუკუნის გარიჟრაჟზე ელისაბედ ორბელიანის მიერ, ხოლო მეორე თითქმის ერთი საუკუნის შემდგომ მერი ჩაილდსისა და აიდა ლომინაძის მიერ. სტატიაში მოცემულია ორივე თარგმანის ცალკეული სეგმენტების ტრანფორმაციების ანალიზი ლექსიკურ კომპონენტთა დონეზე. ვაჟა-ფშაველას ენა ენის ფილოსოფიური სიღრმის ის შრეა, რომელიც განსაზღვრავს ერის ფილოსოფიურ მსოფლმხედველობას, მის დამოკიდებულებას სამყაროსადმი, სიკვდილ-სიცოცხლისადმი.

ვაჟას-ფშაველას ენის ერთის მხრივ სირთულისა და მეორეს მხრივ, საოცარი ხატოვანების გამო, მთარგმნელებს მთელი რიგი სიძნელეების გადალახვა მოუხდათ. მთავარ გამოწვევად კი დარჩა აზრობრივი ინვარიანტის შენარჩუნება, რასაც ქმნის არა ცალკეულ ლექსიკურ კომპონენტთა მნიშვნელობათა ჯამი,არამედ ის აზრი, რომელსაც ეს ერთეულები ქმნიან კონკრეტულ სამეტყველო წარმონაქმნში.

შვლის ნუკრის ნაამბობის სრულიად განსხვავებულ ეპოქაში შესრულებული თარგმანების ორიგინალთან ცალკეული კომპონენტების დონეზე შედარებისას შეპირისპირებულ ენათა სემანტიკური ველების სტრუქტურათა განსხვავება გამოიკვეთა. მთარგმნელები ცდილობენ, მეტნაკლები სიზუსტით მიყვნენ ტექსტს, მოძებნონ ინგლისურ ენაში დედნის საოცარი ექსპრესიულობის შესაბამისი ადეკვატური გამოთქმები და შეძლებისდაგვარად შეინარჩუნონ თხრობის დინამიკა.

ორი თარგმანისა და ორიგინალის, სამი სტატიკური ობიექტის შედარებამ წარმოაჩინა, რომ ეკვივალენტურობა მიღწევადია არა მხოლოდ სტრუქტურულ-გრამატიკულ ფორმათა ეკვივალენტურობით, არამედ განსხვავებულ ენობრივ ფორმათა კომბინაციებით.

სწორედ ქართული ენის ფენომენის სირთულით არის განპირობებული ორივე თარგმანის ავ-კარგიანობა. ვაჟა- ფშაველას შემოქმედება ხომ ქართული სიტყვის მაგიის უმაღლესი გამოვლინებაა. მიუხედავად ამისა, შვლის ნუკრის ნაამბობის თარგმანი შესრულებული ელისაბედ ორბელიანის მიერ და ერთი საუკუნის შემდგომ მერი ჩაილდსის მიერ მნიშვნელოვანი მოვლენაა ინგლისურენივანი სამყაროს მიერ ქართული ლიტერატურის შემეცნების თვალსაზრისით.

Bibliographies de l'auteur

ლელი აბაშიძე

პროფესორი

დომნა კარანაძე

ასოცირებული პროფესორი საქართველოს უნივერსიტეტი თბილისი, საქართველო

Publiée

2022-04-19

Comment citer

აბაშიძე ლ., & კარანაძე დ. (2022). თარგმნითი ტრანსფორმაციები გამონათქვამის ლექსიკურ კომპონენტთა დონეზე ვაჟა-ფშაველას შვლის ნუკრის ნაამბობის ინგლისურ თარგმანებში. Études Interdisciplinaires En Sciences Humaines, (8), 550–561. Consulté à l’adresse https://ojs.iliauni.edu.ge/index.php/eish/article/view/586

Numéro

Rubrique

Des articles